მიმდინარე პერიოდის გამოწვევები ლოჯისტიკასა და მარაგების მართვაში

კორონა ვირუსის მასშტაბური გავრცელების შედეგად, საქართველოს ბაზარზე
არსებული კომპანიების უმრავლესობისთვის პრობლემური გახდა არაპროგნოზირებული
მოთხოვნა პირველადი მოხმარების საგნებზე. შეფერხებული მიწოდების ჯაჭვი,
პროდუქციის დეფიციტი, შესყიდვების არაეფექტური მართვა - ეს ის ძირითადი
პრობლემებია, რომლებსაც არა მხოლოდ მსხვილი, არამედ მცირე კომპანიებიც აწყდებიან.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მიმდინარე მდგომარეობით საქმიანობა
მხოლოდ სააფთიაქო ქსელებისთვის და სურსათის მაღაზიებისთვის არის ნებადართული.
ამასთანავე, სავაჭრო დაწესებულებაში ერთდროულად მხოლოდ 10 მომხმარებლის ყოფნა
არის შესაძლებელი. თუ დავუშვებთ, რომ 1 მომხმარებელი პროდუქციის შეძენას საშუალოდ
10 წუთს ანდომებს, გამოდის რომ 1 საათის განმავლობაში სურსათის მაღაზიებს და
სააფთიაქო ქსელებს ერთ ობიექტზე ჯამურად 60 მომხმარებლის მიღება შეუძლიათ. ერთი
დღის ჭრილში ეს მაჩვენებელი 840 მომხმარებელს შეადგენს (საკომენდანტო საათის
გათვალისწინებით). ამ გარემოებაში დიდი ზომის სავაჭრო ობიექტები კარგავენ
ერთდროულად ბევრი მომხმარებლის მომსახურების უპირატესობას, შესაბამისად ქსელური
ობიექტების მეპატრონეები, დიდი ალბათობით, რესურსებს მცირე ზომის სავაჭრო
ობიექტებზე მიმართავენ. ამავე დროს, შეზღუდულია მომხმარებლების საზოგადოებრივი
ტრანსპორტით გადაადგილება, რაც დამატებით უარყოფითი ფაქტორია დიდი ზომის
სავაჭრო ცენტრებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებს, დიდი
ალბათობით, კონცენტრირება მოუწევთ არა სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებზე,
არამედ წვრილი და საშუალო სავაჭრო ობიექტების მომარაგებაზე. მიწოდების
შეუფერხებელი ჯაჭვისა და ლოგისტიკის ეფეტქურად მართვის მიზნით, მნიშვნელოვანია,
რომ მომმარაგებელმა და მწარმოებელმა ორგანიზაციებმა გაითვალისწინონ წვრილი
სასურსათო მაღაზიების რაოდენობა, მიწოდების ჯაჭვის კომპლექსურობა და შესაბამისად
გადაანაწილონ არსებული რესურსები.

ამ გარემოებაში მნიშვნელოვანია მარაგების სწორი მენეჯმენტი, რაც გულისხმობს
ბუფერული მარაგების თავიდან შეფასებასა და სტრატეგიული მარაგების შესყიდვას.
ამასთან, MRP (Manufacturing Resource Planning)სისტემების დანერგვა/განახლება
დაგეხმარებათ გაწეროთ თქვენი ქმედებები პერიოდულობის მიხედვით, დაგეგმოთ და
აკონტროლოთ მარაგები, რათა თავიდან აიცილოთ დეფიციტი და უწყვეტად შეძლოთ
მიწოდება.

ასევე, გასათვალისწინებელია ონლაინ გაყიდვებზე გადასვლის ტენდენცია, რაც კიდევ
უფრო კომპლექსურს ხდის მიწოდების ჯაჭვს. მიწოდების დანახარჯების შემცირებაში და
ოპტიმალური გზების პოვნაში დაგეხმარებათ ე.წ. Shortest route-ის (უმოკლესი გზის)
განმსაზღვრელი პლატფორმები, მაგალითისთვის QM for Windows,რომელიც გიჩვენებთ
თუ როგორ მოახდინოთ თქვენი მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია.